მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო თავისუფალ პირამიდაში ქალთა და მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატმა.
ჩემპიონატის გახსნის ნაწილს დაესწრნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ირაკლი აბულაძე და რავშან ბეჟანიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ჩემპიონატი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 14 ქვეყნის 115 სპორტსმენი იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბილიარდის ეროვნული ნაკრები 25 სპორტსმენით წარდგება, მათგან აჭარის ნაკრებიდან წარმოდგენილი იქნება 5 სპორტსმენი.
წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებთ საქართველოს ბილიარდის ეროვნული ნაკრების შემადგენლობას.